საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საქართველოში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)  2018 წლის დეკემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად,  საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 78%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. NDI-ის კვლევის თანახმად, ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ითაა გაზრდილი. წინა კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდამჭერთა რიცხვი 75% იყო. შემცირებულია საქართველოს ნატოში გაწევრების მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებელიც. ქვეყნის ნატოში გაწევრებას მიუღებლად გამოკითხულთა 13% მიიჩნევს, 9%-ს კი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების თაობაზე პოზიცია არ გააჩნია.

 

რაც შეეხება ევროკავშირს, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 83%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. 9% საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას მიუღებლად მოიჩნევს, 7%-მა კი კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, განაცხადა, რომ არ იცის.

 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა, 2 205 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±2.1%-ია. 

 

კვლევა სრულად ქართულ ენაზე:

- გადმოწერა / გახსნა

კვლევა სრულად ინგლისურ ენაზე: 

- გადმოწერა / გახსნა

 

 

კვლევის წინა წლების შედეგები იხილეთ ბმულზე

28-01-2019