საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რეგიონალური მედიასაშუალებებისთვის მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი მასშტაბური პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში, ა/ო ინტერნიუსთან პარტნიორობით, რეგიონალური მედიასაშუალებებისთვის მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა. 

 

საკონკურსო წესით შერჩეული 20 რეგიონალური მედია პარტნიორი (მათ შორის 5 მედიასაშუალება, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენაზე გამოიცემა ან მაუწყებლობს) ”ინტერნიუსი-საქართველოსგან” მცირე გრანტს (4200-4500 აშშ დოლარი) და საკონსულტაციო მხარდაჭერას მიიღებს.

 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ შერჩეული მედიაპარტნიორები სხვადასხვა ჟურნალისტური ფორმატისგან (თოქ-შოუ, დოკუმენტური ფილმი ან აუდიო დოკუმენტური, ვრცელი ბეჭდური ან ვებ სტატია, მულტიმედიური მასალა) შემდგარ 3-5 თემატურ პაკეტს მოამზადებენ.

 

ადგილობრივ მედიაორგანიზაციებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და კონსულტაციები, რაც ჟურნალისტური ოსტატობის კუთხით მათი უნარების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მენტორების დახმარებით, ადგილობრივი პარტნიორები ახალი უნარების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებენ.

 

განაცხადები მიიღება 2019 წლის 15 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

 

კონკურსის პირობები და ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე 

 

პროექტის შესახებ

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ს „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო. 
 

18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

 

პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

29-01-2019