საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

3-7 თებერვალს პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფისთვის  ქ. ბრიუსელში, ბელგიაში,  საინფორმაციო სასწავლო ვიზიტი გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სტრუქტურებსა და ნატოს სათაო ოფისში შეხვედრებია დაგეგმილი.

 

შეხვედრებზე პედაგოგები  ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების სტრუქტურასა და ფუნქციონირების პრინციპებს გაეცნობიან, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ  მიიღებენ ინფორმაციას.

 

დაგეგმილია შეხვედრები ბელგიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადგილობრივი განათლების სისტემისა და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით. აღნიშნული სასწავლო ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს პროგრამის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ევროპის მიმართ.

პროექტის პირველ ეტაპზე პედაგოგებმა ქ. თბილისში გამართულ ტრენინგ-სემინარში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მიზანი ევროკავშირის ისტორიის, საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

 

პროექტი  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

04-02-2019