საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პანკისელი პედაგოგებისთვის სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

3-7 თებერვალს პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფისთვის  ქ. ბრიუსელში, ბელგიაში,  საინფორმაციო სასწავლო ვიზიტი დაიწყო.

 

ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩთან ნატალია საბანაძესთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრებს ელჩმა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ევროპული ღირებულებების შესახებ ესაუბრა. "რთულია თავი დააღწიო, გადარჩე, განვითარდე ისეთ მსოფლიოში, სადაც ძალიან დიდი სახელმწიფოები დომინირებენ. ამიტომ შეიქმნა ევროკავშირი, სადაც 28  ქვეყანა, უფრო ძლიერია, ვიდრე ცალ-ცალკე თითოეული ქვეყანა", - აღნიშნა შეხვედრაზე ელჩმა.

 

დღის განმავლობაში მასწავლებლები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსაც ეწვივნენ, სადაც მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის პროექტების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. 

 

დღის ბოლოს, შეხვედრა ბელგიის კერძო სკოლაში "Ecole International Mongomery" გაიმართა. პედაგოგები ბელგიური განათლების სისტემის მახასიათებლებსა და სკოლაში სწავლების მეთოდებს გაეცნენ.

 

"ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილთან ზოგჯერ გვიწევს კამათი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე პირადად არ მქონია ამაზე ორი აზრი და უარყოფითი შეხედულება, მაგრამ აქედან დაბრუნებული კიდევ უფრო შევეცდები, რომ ავუხსნა და ცნობიერება ავუმაღლო ჩემს მოსწავლეებს", - აღნიშნა დუისის საჯარო სკოლის დირექტორმა ლილი სვიაკაურმა. 

 

ვიზიტის ფარგლებში ხვალ შეხვედრები ნატოს სათაო ოფისში გაგრძელდება. 

 

 

პროექტი  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

04-02-2019