საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში ნატოს სათაო ოფისში გაგრძელდა

"ნატო არის ჩვენი მშვიდობის გარანტი. ჩვენი ხალხის ხსნა", - ასე შეაფასა დუისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლამარა მარგოშვილმა სასწავლო ვიზიტის მეორე დღეს ნატოს სათაო ოფისში გამართული შეხვედრები.

 

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფისთვის  ქ. ბრიუსელში, ბელგიაში,  საინფორმაციო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ნატოში გაგრძელდა. პედაგოგები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების რეგიონულ კოორდინატორს დესპინა აფენტოულისა და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ელჩს ალექსანდრე მაისურაძეს შეხვდნენ. შეხვედრებზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ხელშესახებელ სარგებელსა და ალიანსში გაწევრებამდე გასავლელ გზაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო ომში მასწავლებლების ინფორმირების აუცილებლობასა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.

 

"ასეთი სახის ვიზიტები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. საქართველოს მოსახლეობას,  თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების შესახებ", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა. 

 

ნატოში ვიზიტის შემდეგ, პედაგოგები ევროკომისიაში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალურ დირექტორატს (DG Near) ეწვივნენ. დირექტორატის წარმომადგენლებმა ევროკავშირის პროგრამებსა და საქართველოსთან მიმართებაში დასახულ პრიორიტეტებზე ისაუბრეს. 

 

ვიზიტის მეორე დღის ოფიციალური შეხვედრები ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წარმომადგენელთან მაგდალენა გრონოსთან შეხვედრით დასრულდა. ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა, პერსპექტივები და რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის საკითხები შეხვედრის მთავარი თემა იყო. 

 

დღის ბოლოს პედაგოგებს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ საკუთარ სახლში უმასპინძლა. პედაგოგებმა დღის განმავლობაში გამართული შეხვედრები, განწყობები და მიღებული ცოდნა შეაჯამეს.

 

პროექტი  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

 

 

 

 

 

 

06-02-2019