საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და დირექტორებს მთავრობის კანცელარიაში უმასპინძლა.

 

„ჩემთვის მასწავლებელი წარმოადგენს ყველაზე ღირებულ პროფესიას ნებისმიერ საზოგადოებაში, სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთავარ ფასეულობებს, იმ ორიენტირებს, რომელზეც უნდა აშენდეს ჩვენი საერთო ქართული სახელმწიფო”,-ამ სიტყვებით მიესალმა პრემიერი პანკისელ პედაგოგებს.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პედაგოგების ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელოვან დატვირთვას, ვინაიდან მათ ჰქონდათ საშუალება, უშუალოდ გაცნობოდნენ  ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების სტრუქტურასა და ფუნქციონირების პრინციპებს, ასევე მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.

 

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი მთავარი მისწრაფებაა. ჩვენი მიზანია, დავუბრუნდეთ ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს, შესაბამისად, თქვენი ვიზიტი სიმბოლურთან ერთად ძალიან შინაარსობრივია, ვინაიდან გქონდათ საშუალება, თქვენი თვალით გეხილათ ევროპელების განწყობა საქართველოს მიმართ", - მიმართა პრემიერმა პანკისელ მასწავლებლებს. 

 

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა პედაგოგების როლზე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

 

პანკისელმა მასწავლებლებმა პრემიერ-მინისტრს სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და მადლობა გადაუხადეს იმ პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის, რომელმაც მათ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ცნობიერების ამაღლების საშუალება მისცა.

 

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრნენ. 

 

შეხვედრის შემდეგ, პროექტში - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის" წარმატებული მონაწილეობისთვის პედაგოგებს სერთიფიკატები გადაეცათ. დაჯილდოების შემდეგ, მთავრობის კანცელარიაში პედაგოგებისთვის მიღება გაიმართა.

 

„ცენტრის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ხაზი გაუსვა პრემიერმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მუშაობის მნიშვნელობას პედაგოგებთან არაფორმალურ გარემოში საუბრის დროს.

 

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი, რასაც დიდი იმედი მაქვს, რომ მოჰყვება გაგრძელება. ჩვენ ძალებს არ დავიშურებთ ამისთვის",-აღნიშნა შეხვედრის შემდეგ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

 

ვიზიტით კმაყოფილები იყვნენ პედაგოგები. „გამოვიყენებთ ამ ყველაფერს ცნობიერების ასამაღლებლად ჩვენს მოსწავლეებში. ძალიან ბევრი მესიჯი წამოვიღეთ. თითქმის ყველაფერი ჩავიწერე რვეულში, გადავიღე ვიდეო-ფოტო მასალა. რესურსი მაქვს, რომ სადაც შევალ ყველგან აბსოლუტურად, თან უნდა ვაჩვენო, თან უნდა ავუხსნა“, - აღნიშნა ერთ-ერთმა პედაგოგმა ნაზო ბორჩაშვილმა.

 

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში 3-7 თებერვალს შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურებსა და ნატოს შტაბბინაში, ასევე - ბელგიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადგილობრივი განათლების სისტემისა და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

პროექტი განხორციელდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

08-02-2019