საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პანკისის ხეობის პედაგოგებისთვის სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. 

 

ვიზიტის მესამე დღის პირველ ნახევარში პედაგოგებმა ევროპარლამენტი დაათვალიერეს და ევროკავშირის ინსტიტუტის სამუშაო პირობებსა და პრინციპებს გაეცნენ. 

 

დღის მეორე ნახევარი კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს დაეთმო. პედაგოგებმა ევროპის ისტორიის მუზეუმი მოინახულეს, შემდეგ კი ბელგიის ქალაქ გენტში გაემგზავრნენ.

 

„გამოვიყენებთ ამ ყველაფერს ცნობიერების ასამაღლებლად ჩვენს მოსწავლეებში. ძალიან ბევრი მესიჯი წამოვიღეთ. თითქმის ყველაფერი ჩავიწერე რვეულში, გადავიღე ვიდეო-ფოტო მასალა. რესურსი მაქვს, რომ სადაც შევალ ყველგან აბსოლუტურად, თან უნდა ვაჩვენო, თან უნდა ავუხსნა“, - ამ სიტყვებით შეაფასა ვიზიტი ერთ-ერთმა პედაგოგმა ნაზო ბორჩაშვილმა.

 

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში 3-7 თებერვალს შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურებსა და ნატოს შტაბბინაში, ასევე - ბელგიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადგილობრივი განათლების სისტემისა და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

პროექტი განხორციელდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

08-02-2019