საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზუგდიდში, საინფორმაციო ცენტრის ახალი მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის“ გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში, დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ წარადგინა. შეხვედრაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ფარეშიშვილმა ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიის, ეპარქიის და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

პროექტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 60-მდე შეხვედრაა დაგეგმილი. 

 

18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

 

 

14-02-2019