საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეების „ერთი დღე ჯარში“

ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა. სამხედრო ბაზაზე გამგზავრებამდე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ბავშვებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეებს ლექცია საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ გიგაურმა წაუკითხეს.
 
სამხედრო ბაზაზე ვიზიტის განმავლობაში კი, სკოლის მოსწავლეებმა ბრიგადის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს და ბაზაზე არსებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სიმულაციური ცენტრი აღმოჩნდა.
 
„ერთი დღე ჯარში“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია და მისი მიზანი საზოგადოებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდებაა. პროექტში ჩართული აუდიტორია ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებაც იღებს ინფორმაციას.

22-02-2019