საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები პანკისის ხეობაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ერთად პანკისის ხეობას ეწვია. 

შეხვედრები გაიმართა სოფელ ყვარელწყალში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პანკისელ უხუცესებთან და ქალთა საბჭოს წევრებთან, აგრეთვე სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. ბოლოს კი სტუმრები სოფელ დუისში პედაგოგთა იმ ჯფუფს შეხვდნენ, რომლებიც სულ ახლახანს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. 

შეხვედრაზე პედაგოგებმა საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებაზე ისაუბრეს. სტუმრებმა ინფორმაცია აგრეთვე მიიღეს ხეობის საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ. 

„დღეს პანკისის ხეობაში ევრკავშირის ელჩთან ერთად ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დაინტერესდა და უკვე მნიშვნელოვნად დაგვეხმარა იმ პროექტის განხორციელებაში, რომლის ფარგლებშიც 20 პანკისელი პედაგოგი და სკოლის დირექტორი ბრიუსელში იმყოფებოდა. მათ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ არა მხოლოდ მოისმინეს, არამედ საკუთარი თვალით ნახეს. 

„ვისაუბრეთ ხეობის საჭიროებებზე, მთავრობის განვითარების პროგრამაზე, როგორც პრემიერმა პანკისელებთან შეხვედრაზე არაერთხელ ახსენა, პანკისის ჩიხური მდგომარეობიდან გამოყვანაზე, რაც ფართო პაკეტს გულისხმობს - ტურიზმის პოტენციალის წახალისებას, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდისათვის ალტერნატივების გაჩენას, ახალგაზრდების მეტად ჩართულობასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

23-02-2019