საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი შეხვდა.
 
მომავალმა მეზღვაურებმა იმ უპირატესობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.
 
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აუდიტორიას საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორია და განვითარების ეტაპები გააცნო. ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც ამ პროცესში არსებობს, მათ შორის ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე.

 

ბნსუ-ს სტუდენტებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რომ საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი დეზინფორმაციის პირობებში და აუცილებელია, ახალგაზრდობა იცნობდეს მასთან გამკლავების ეფექტურ გზებსა და მეთოდებს. მიმდინარე წელს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო გეგმავს გააქტიუროს რეგიონის მასშტაბით მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათ მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან თანაშრომლობაც იქნება. უნივერსიტეტში ამ ეტაპზე 500 სტუდენტი ირიცხება. უმაღლესი სასწავლებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობას გეგმავს. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პარმენ ხვედელიძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პარმენ ხვედელიძემ სტუდენტებს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროფესიული რჩევებიც გაუზიარა.

27-02-2019