საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში, დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

შეხვედრაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. პრეზენტაციას კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის, მედიის, ეპარქიის და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 50-მდე შეხვედრაა დაგეგმილი.

 

18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაძლიერდა და გაფართოვდა საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატა 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა აგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებისა და სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან.

27-02-2019