საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში, პროექტის - “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში, პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორის და რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაუძღვნენ. დისკუსია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გაიმართა.

 

შეხვედრის შემდეგ 2018 წელს "საინფორმაციო ცენტრთან" აქტიური თანამშრომლობისთვის ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დააჯილდოვეს.

 

 

პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას.

 

06-03-2019