საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის პროექტის პრეზენტაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ამბროლაურის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი გრიგოლ გეგელია გაუძღვნენ. გრიგოლ გეგელიამ ევროპისა და საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპული იდენტობის საწყისებსა და ისტორიულ ჭრილში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. 

 

პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში. 

 

პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს.

 

18 თვიანი პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა გააგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

 

06-03-2019