საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ტრენინგი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის

13-15 მარტს, ლოპოტა რეზორტში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგი იმართება. ტრენინგი პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში შერჩეული საინფორმაციო ცენტრის ახალი რეგიონალური წარმომადგენლებისა და ცენტრის თანამშრომლების გადამზადების მიზნით ტარდება.

 

საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები სხვადასხვა სამთავრობო უწყების სპეციალისტებისა და მოწვეული ექსპერტებისგან მიიღებენ დეტალურ და უახლეს ინფორმაციას  ნატოში საქართველოს გაწევრების პროცესის, ევროკავშირთან თანამშრომლობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების, ასევე არსებული გამოწვევების შესახებ. ტრენინგზე ასევე განიხილავენ ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამასა (ENPARD) და გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე, ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის გამოყენების გზებსა და ასოცირების შეთანხმებაზე, ნატოსა და ევროკავშირის გარშემო გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე. 

 

მონაწილეები, ასევე გადამზადდებიან პრეზენტაციის უნარების განვითარებისა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის მეთოდების გაუმჯობესების მიმართულებით.

 

ტრენინგზე მოხსენებებს წაიკითხავენ: საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია, ევროკავშირთან ასოცირების სამმართველოს უფროსი ბიძინა ჯავახიშვილი, მედიის განვითარების ფონდის დირექტორი თამარ კინწურაშვილი, ENPARD-ის საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ხუნწარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა ინაური, საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგების სამსახურის ხელმძღვანელი მაია ხოსიტაშვილი.

 

 

18 თვიანი პროექტის ფარგლებში გაძლიერდა და გაფართოვდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატა 5 ახალი რეგიონალური ბიურო (შუახევში, მარნეულში, ოზურგეთში, პანკისსა და ამბროლაურში) და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა აგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

 

პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ეფექტიანი კომუნიკაციაა.

13-03-2019