საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლის შესახებ კამპანიის ფარგლებში ბათუმში შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები განახლდა. 20 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მიხეილ უკლებამ აუდიტორიას კიდევ ერთხელ გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზო მიმოსვლის წესები, და ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან. საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმადგენელმა ირმა გაბინაშვილმა კი სანფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ მომდევნო ღონისძიებებზე ისაუბრა და ამ აქტივობებში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

 

შეხვედრას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში დაესწრო, რომელმაც საკითხის აქტუალობასა და ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის პროცესის ცნობადობის ამაღლების მიზნით ბევრი პროგრამა და პროექტი ხორციელდება. 

 

შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

 

საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ჯამში 160 შეხვედრა გაიმართა.

21-03-2019