საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია

24-25 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. საქართველოს ნატოში გაწევრების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

 

მხარეებმა ისაუბრეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 


შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

 

იენს სტოლტენბერგი ასევე „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. ნატოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია. გენერალურ მდივანთან ერთად JTEC-ს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგმა სწავლების კონტროლის ცენტრი მოინახულა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გენერალურ მდივანს სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით ალიანსის გენერალური მდივანი მრავალეროვნულ ბრიგადას ეწვია, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობითი ბრიფინგი მოისმინა.

 

ღონისძიების ბოლოს იენს სტოლტენბერგი ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმართება და მასში 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს მონაწილეობას.


„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

 

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები - “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC) და გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO) - რაც ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.


პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები JTEC-თან ერთად ხელმძღვანელობს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) უწევს.

 

წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ წინა სწავლებაში 15 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

 

წყარო

25-03-2019