საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღე რუსთავში

ნატოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  ქვემო ქართლის წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი ეთო ბუზიაშვილი უძღვებოდნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხო ნატოს ისტორიას, ალიანსის როლს დასავლური სამყაროსთვის, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ქვეყნის ნატოში გაწევრების გზაზე მიღწეულ შედეგებსა და პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე.

 

შეხვედრის ფარგლებში ქვემო ქართლში საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები  რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში გაიმართება.

 

შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები.

 

05-04-2019