საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მოსწავლეები სამტრედიიდან სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე

4 აპრილს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაარსებიდან 70 წლის იუბილე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით კვირის განმავლობაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ღონისძიებები იმართება.

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრნენ. ვიზიტორებმა დაათვალიერეს გემთსარემონტო ბაზა, აშშ-ის და თურქული მხარის მიერ ბოლო პერიოდში გადმოცემული თანამედროვე ხომალდები, ასევე, გაეცნენ ტაქტიკური ქვედანაყოფების (აბორდაჟის ჯგუფების) ამოცანებსა და აღჭურვილობას.

 

ვიზიტორებს საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები შეხვდნენ. ახალგაზრდებისთვის ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში მყოფ საფლაგმანო ხომალდზე "HNLMS Evertsen” (ნიდერლანდების სამეფო) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი) ინფო-ტურიც მოეწყო.

 

ეკიპაჟის წევრებმა დამთვალიერებელთა შეკითხვებს უპასუხეს. ღონისძიება სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ იმერეთის ბიუროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

05-04-2019