საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელ ხრესილში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

მოსახლეობა დაინტერესდა ისეთი საკითხებით, როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები და ქართული პროდუქტის ევროპის ბაზარზე შეტანის შესაძლებლობები. კითხვები დაისვა ასევე, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციებზე, რადგან როგორც თავად აღნიშნეს სოფლიდან მოსახლეობის გადინება ძირითადად ევროპის ქვეყნებში ხდება.

შეხვედრა პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. 

24-04-2019