საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" სტუდენტებთან

ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯში "ახალი ტალღა" სტუდენტებისთვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონალური წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა პროფესიული სწავლების სხვადასხვა მიმართულებების სტუდენტებს ყველა იმ სარგებლის შესახებ ესაუბრა, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ეხება. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აუდიტორიას საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორია და განვითარების ეტაპები გააცნო, ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც ამ პროცესში არსებობს, მათ შორის ყურადღება გაა,ახვილა ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რომ საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი დეზინფორმაციის პირობებში და აუცილებელია, ახალგაზრდობა იცნობდეს მასთან გამკლავების ეფქტურ გზებსა და მეთოდებს. სწორედ ამიტომ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ იმ მითებსა და სტერეოტიპებზე აქცენტირება იყო, რაც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროსგან და პროპაგანდისტული ინსტიტუციებიდან მომდინარეობს.

ირმა გაბინაშვილმა მსმენელებს „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც მიაწოდა ინფორმაცია და ახალგაზრდებს მათში აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდა, მით უფრო, რომ ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი პროფილის სასწავლებლებთან და გაცვლით პროგრამებსაც ახორციელებს. სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების “ERASMUS+” და „ENPARD“ შესახებ, რომლებით სარგებლობაც საქართველოს თითოეული მოქალაქის განვითარებისა და წარმატების წინაპირობაა.

შეხვედრის დასასრულს, ირმა გაბინაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა და ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადასცა.

02-05-2019