საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საქართველოში ევროპის დღეები 2019 დაიწყო!

5 მაისს, საქართველოში ევროპის დღეები 2019 საზეიმოდ გაიხსნა. ევროპის დღეები რიყის პარკში, „ევროსოფლის“ მოწყობით დაიწყო. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა განხორციელდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევროსოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო. სიმულაციის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღეს საჭირო დოკუმენტები და იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახეს საზღვარი და მოხვდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ევროპის დღეები მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაგრძელდება. დაგეგმილია: სემინარები მასწავლებლებისთვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისთვის - “ევროპა - ისტორიული არჩევანი“, ქვეყნის 10 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები. ევროპის დღეების ფარგლებში საერთო ჯამში 80-მდე ღონისძიება იმართება.

„ევროპის დღეები 2019“ მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

05-05-2019