საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის მიერ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია შედგა. ღონისძიება ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

შეხვედრას საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ გახსნა. მსმენელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქუთაისის ვიცე მერმა ნინო თვალთვაძემ, რომელმაც ევროკავშირის მიერ რეგიონში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში მომუშავე ხუთმა არასამთავრო ორგანიზაციამ დასრულებული და მიმდინარე პროექტები წარმოადგინეს. მათ შორის იყო: World Vision Georgia, LDA georgia, RICDOC, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „სპექტრი“. აქვე, ახალგაზრდებისთვის და სკოლებისთვის რამდენიმე შეთავაზება გაჟღერდა, სადაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს ჩართულობის შესაძლებლობა მიეცათ.

 

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და ფართო საზოგადოება.

05-05-2019