საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრში სემინარი „კომუნიკატორები მეტი კომუნიკაციისთვის“ გაიმართა

6-7 მაისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ორდღიანი სემინარი: „კომუნიკატორები მეტი კომუნიკაციისთვის“ ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორების ადმინისტრაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნა.

„მსგავსი საკოორდინაციო შეხვედრა ამ კონკრეტულ ჯგუფთან პირველად ტარდება. რა თქმა უნდა, გუბერნატორებსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებთან ძალიან კარგი კოორდინაცია გვაქვს, მაგრამ ეს შეხვედრა არის უფრო ექსპერტების დონეზე, სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად. ამიტომაც მოვიწვიეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლები, რომელთაც ამ ორი დღის განმავლობაში ავუხსნით ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც ევროინტეგრაცია მოიცავს, ამასთანავე, ვისაუბრებთ სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, რუსულ პროპაგანდასა და კომუნიკაციის გზით ამ საფრთხეებთან გამკლავების გზებზე,“ -აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კოორდინირებული გზავნილების გავრცელების, პოლიტიკის შემუშავებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად ეფექტური კომუნიკაციის ქსელის შექმნას.

სემინარში, ასევე, მონაწილეობდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროების წარმომადგენლები.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ჰიბრიდული ომი და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები, უვიზო მიმოსვლა, DCFTA და სოფლის მეურნეობა, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა. სემინარზე, ასევე, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია - ევროკავშირის ახალი ინიციატივა - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.

07-05-2019