საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრში სემინარი: „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ გაიხსნა

8 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east)“ პროექტთან თანამშრომლობით გაიხსნა სემინარი: „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“.

ორდღიანი სემინარი ევროპის დღეების ფარგლებში იმართება, სადაც მონაწილეობენ უფროსკლასელები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

სემინარი სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა კარლ ჰალცელმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანმა.

სემინარის მიზანია ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მნიშვნელოვანია, რომ სემინარზე მიღებული პრაქტიკული ცოდნა მონაწილეებმა გამოყენონ განსახორციელებელ პროექტებში.

სემინარი აერთიანებს ორ სხვადასხვა პროექტს იდენტური სახელწოდებით „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, რომლებიც ახალგაზრდებში ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაერთიანებას საერთო მიზნისკენ - საქართველოს მასშტაბით განახორციელონ ერთობლივი იდეები სხვადასხვა აქტივობების საშუალებით.

პროექტში მონაწილეობენ ახალგაზრდები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

ახალგაზრდები გახდებიან კომუნიკატორები თავიანთ რეგიონებში ევროინტეგრაციის საკითხებზე.

პროექტი ხორცილედება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

08-05-2019