საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეების ფარგლებში, სემინარი "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გაიხსნა

10 მაისს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, სემინარი: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. სემინარის მუშაობაში რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 150-მდე მასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის, მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.

 

სემინარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. სემინარის მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ჰეტმა, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. სემინარის მოდერატორი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე იყო.

 

პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და„აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს. სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.

„ევროპის დღეები 2019“ 5 მაისს დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

10-05-2019