საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მედიისა და უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენელებისთვის

13 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მედიისა და მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.

სემინარზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე - ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჰიბრიდული ომზე- დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის ლაშა ინაურის მოხსენება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოიცავდა.

ევროპის დღეების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე, გაიმართა სიმბოლური გარბენი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში და საინფორმაციო აქცია ზუგდიდში. დაგეგმილია შეხვედრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, კულტურული და საგანმანათლებლო გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ქ. ფოთში, ვიქტორინა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით, ევროპის დღე მესტიაში.

ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

13-05-2019