საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეები ამბროლაურში

16 მაისს, ამბროლაურში ევროპის დღეების ფარგლებში, ასფალტზე ხატვის აქცია ,,საქართველო და ევროკავშირი“ და მოსწავლეების ნახატების გამოფენა ,,ევროპული ახალგაზრდობა“ გაიმართა.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ინიციატივითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო საკოლასთან და ამბროლაურის #1 საჯარო სკოლებთან თანამშრომლობით ჩატარდა. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს გადაეცათ სპეციალური პრიზები.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ევროპის დღეების ფარგლებში წინასწარ გამოცხადებული ესსეების კონკურსის ,,ევროპა ჩემთვის არის“ გამარჯვებულები. ღონისძიებას ესწრებოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე და #58 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი გიორგი მაქარაშვილი.

ევროპის დღეების ფარგლებში 17 მაისს დაგეგმილია ამბროლაურის საფეხბურთო კლუბ ,,რაჭისა“ და ონის სასპორტო სკოლის საფაეხბურთო გუნდის ,,ონის მამისონის“ მონაწილეობით. ასევე, საინფორმაციო შეხვედრები უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანას საზოგადოებრივ ცენტრში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში.

საქართველოში ევროპის დღეები 5 მაისს ოფიციალურად დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

16-05-2019