საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აჭარის მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის სემინარი „ევროკავშირი - ახალი შესაძლებლობები“ გაიმართა

16 მაისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აჭარის მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის სემინარი „ევროკავშირი - ახალი შესაძლებლობები“ ჩატარდა. DCFTA-თან დაკავშირებული საკითხები იყო მთავარი განსახილველი თემა აგრო-სფეროში ჩართულ მოქალაქეებთან, ადგილობრივ ფერმერებთან, მეწარმეებთან და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან  გამართულ შეხვედრაზე.

 

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ის ადგილობრივი მეწარმეები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ევროკავშირის დახმარების პროგრამებით და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პირადი წარმატების ისტორიები. ღონისძიებაზე განიხილეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა“ საკითხები.

მოწვეულმა სპიკერებმა, UNDP "სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3" პროექტის კოორდინატორმა ვახტანგ კონცელიძემ და DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბათუმის ოფისის ექსპერტმა ეკატერინე თარგამაძემ წარმოადგინეს სპეციალურად ამ სამიზნე აუდიტორიისთვის მომზადებული პრეზენტაციები და მსმენელებს დეტალურად გააცნეს ასოცირების შესახებ შეთანხმების DCFTA კომპონენტის მოთხოვნები და ევროკავშირის პროგრამებით სარგებლობის წესები და მეთოდები, ისაუბრეს აგრეთვე იმ სიახლეებზე, რაც ამ სფეროებში იგეგმება და ხორციელდება.

 

შეხვედრაზე ასევე, მომხსენებები წამოადგინეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ ასლან ლორთქიფანიძემ, აჭარის მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ მაყვალა კვირიკაძემ, აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე და წარმატებულმა დამწყებმა მეწარმემ ნინო გაბრიაძემ თავიანთი ხედვა და დამოკიდებულება გააცნეს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების, მოსალოდნელი სარგებელის და სიკეთეების შესახებ.

 

აჭარაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, მოსახლეობაში გავრცელებულ მითებსა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პროექტებით სარგებლობისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებებზე. 

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით და აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და DCFTA საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, „ევროპის დღეების“ ფარგლებში განხორციელდა.

 

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.

16-05-2019