საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა საზღვრისპირა სოფელ კირნათის მოსახლეობასთან

30 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ კირნათში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და გამოწვევებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. მსმენელები დაინტერესდნენ ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ. საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება.

 

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და მის სიკეთეებზე, აგრეთვე, ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციაზე. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას საინფორმაციო მასალები გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრას ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, რომელმაც განსაკუთრებით აღნიშნა ახალგაზრდების სწორი ინფორმირება და სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ხელვაჩაურის საჯარო სკოლების მოსწავლეები რეგიონის მასშტაბით გამართულ აქტივობებში განსაკუთრებული წარმატებებით გამოირჩევიან და საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროპის დღეების ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსშიც 1 ადგილი სწორედ ფერიის საჯარო სკოლის მე-11 კლასელმა მოიპოვა. 

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

30-05-2019