საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარის გამარჯვებული მასწავლებლების ვიზიტი ესტონეთში

2 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით, ტალინში, ესტონეთში მასწავლებლებისთვის სასწავლო ვიზიტი იმართება. სასწავლო ვიზიტი პროექტის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიცაა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის-ესტონეთის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება განათლების სფეროში, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია.
ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ოფისში, სადაც განათლებაში ციფრული სამყაროს მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა ყურადღება.
ასევე, გაიმართა შეხვედრები ლაულაზმას და კლოოგას სკოლებში მასწავლებლებთან მათი სწავლის მეთოდების და გამოცდილების გაზიარების მიზნით. მასწავლებლებმა სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სკოლების ადმინისტრაციამ სკოლის მიმართულებებზე, მუშაობის სპეციფიკაზე, პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრნენ. ესტონეთის სკოლები დაინტერესდნენ საქართველოსთან გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაზე და გამოცდილების გაზიარების მიზნით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
მასწავლებლების ვიზიტი გრძელდება, სადაც დაგეგმილია შეხვედრები როგორც ესტონური განათლების სისტემის წარომადგენლებთან, ასევე, ესტონეთში მასწავლებლის გაზეთის რედაქტორთან. შეხვედრების მიზანია პროგრამებისა და პრიორიტეტების გაცნობა და რეგიონში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, რაც დაეხმარება ვიზიტის მონაწილეებს უკეთ გაანალიზონ არსებული გამოწვევები და საჭიროებები საქართველოში სკოლების ევროპული განვითარებისათვის.

პროგრამა, ასევე, მოიცავს საინტერესო კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს.

მასწავლებლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი მასპინძლობს. სასწავლო ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრისა და სსიპ-ის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
სასწავლო ვიზიტი პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულებისთვის (10 პედაგოგი) იმართება. პროექტი მეექვსე წელია ხორციელდება და მასში გამარჯვებული მონაწილეები გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესტონეთში უკვე მეოთხედ იმყოფებიან.

 

 

05-06-2019