საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმში მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა

7 ივნისს, ბათუმის სკოლა-ლიცეუმის „მასტერკლასი“ მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

საგნობრივი კონფერენცია საქართველო-ევროპის კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებსა და მომავალი თაობის აღზრდის საკითხში დემოკრატიულ ღირებულებათა სწორი გზით განვითარებას მიეძღვნა. ფორუმი მიზნად ისახავდა მონაწილეებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებში ცნობიერების ამაღლებას და სკოლის ფარგლებში მიღებული ცოდნის ეფექტიან რეალიზებას.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ სრულყოფილი ინფორმაცია და თეორიული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. გამოვლინდნენ საუკეთესო ნაშრომების ავტორებიც, ერთ-ერთ მათგანს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური პრიზი აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გადასცა და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ესაუბრა. აღინიშნა, რომ ასეთი საგანმანათლებლო პროექტები ახალგაზრდებსა და პედაგოგებს დაეხმარება სამომავლოდ გახდნენ ერთგვარი საკომუნიკაციო პლატფორმის თანამონაწილეები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განივითარონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე, პრაქტიკული უნარ-ჩვევები, აიმაღლონ კომპეტენცია კონკრეტული მიმართულებებით. მათ შორის, ევროინტეგრაციის კუთხით. რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასა და მასში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.

07-06-2019