საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ მარადიდის მოსახლეობასთან

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა 10 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, პედაგოგებთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. მსმენელები დაინტერესდნენ ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. ამ საკითხებზე აუდიტორიას ევროკავშირის და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით მოქმედი „ბათუმის ბიზნესის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი პაატა კომახიძე ესაუბრა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ENPARD-ის მე-3 ფაზის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში თითოეული ადამიანის ჩართულობის შესაძლებლობაზე და მსმენელებს საკონკურსო პირობების, ბიზნეს იდეის ფორმირებისა და განაცხადის წარდგენის ეტაპებზე ესაუბრა. სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის დირექტორმა ესმა ჯაფარიძემ კი ასეთი შეხვედრებისას სოფლად ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრების მიზნით სხვადასხვა პროექტის შეთავაზების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მით უფრო, რომ სოფელ მარადიდს მზარდი ტურისტული პოტენციალი აქვს და სასურველია, სხვადასხვა პროექტში ჩართულობით მოსახლეობას ამ რესურსის მაქსიმალურად ათვისების შესაძლებლობა მიეცეს.

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და სიკეთეებზე აგრეთვე ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების ფაქტებსა და მათ პრევენციაზე. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა უპასუხა მოსახლეობის შეკითხვებსაც.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

10-06-2019