საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში შშმ პირთა ხელთნაკეთი ნოვთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

14 ივნისს, საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეურთდა. ქუთაისის ქალთა კლუბისა და ასოციაცია ,,მოწყალების" ორგანიზებით თიბისი სივრცეში შშმ პირთა ხელთნაკეთი ნოვთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიება რამდენიმე სახელოვნებო კომპონენტისგან შედგებოდა: ასოციაციის “მოწყალება” წევრების საინტერესო ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა, იმერეთის არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სრულფასოვანი ცხოვრებისთვის" წევრთა მუსიკალური ნომრები, ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობდა ზ.ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: კლუბის პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა, თავმჯდომარემ ასმათ გოგატიშვილმა, ასოციაცია ,,მოწყალების" დირექტორმა გულიზარ ჯავახაძემ, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ქუთაისის საპატიო მოქალაქემ მერაბ კვიცარიძემ, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა (ასევე ქალთა კლუბის წევრმა) მარიკა ვაჭარაძემ, ექიმ-ფსიქოთერაპევტმა გია მოშიაშვილმა.

ქუთაისის მერიამ, საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და უნივერსიტეტის რექტორმა ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს. ქალთა კლუბის პრეზიდენტმა კი კლინიკა ,,ბომონდთან" დადებული მემორანდუმის ფარგლებში ასოციაცია ,,მოწყალებისა" და ორგანიზაცია ,,სრულფასოვანი ცხოვრებისთვის" წევრებს სამედიცინო ვაუჩერები გადასცა.

 

14-06-2019