საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა საზღვრისპირა სოფელ ჩხუტუნეთის მოსახლეობასთან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ჩხუტუნეთში, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და მათგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აგრეთვე, იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი - სოციალური ქსელებით ვრცელდება.

 

საუბარი შეეხო როგორც უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობასა და სიკეთეებს, ასევე, ამ პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და და მათ პრევენციას. ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნაირა ღონიაძემ მსგავსი ტიპის შეხვედრების სისტემატურად ჩატარების მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ევროკავშირთან დაახლოების შედეგად გახსნილ შესაძლებლობებებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა, მით უფრო, როცა აჭარის მაღალმთიან სოფლებში მწვავედ დგას მიგრაციის პრობლემა.

 

შეხვედრის დასასრულს, ირმა გაბინაშვილმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა და თითოეულ მათგანს საინფორმაციო სახის მასალები გადასცა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

13-06-2019