საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა 22 ივნისს, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და გამოწვევებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის.

 

აგრეთვე, საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას, სიკეთეებს, აგრეთვე ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას საინფორმაციო სახის მასალები გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრაზე ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ სამოქალაქო განათლების კუთხით საჯარო და კერძო სკოლებში მსგავსი დისკუსიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ალამბრის საჯარო სკოლის დირექტორმა დალი ნიჟარაძემ კი ახალგაზრდების სწორ ინფორმირებასა და მათ სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

22-06-2019