საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

3 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, საქართველოს მოდერნიზაციის გეგმაა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება კი - ჩვენი ქვეყნის სექტორული განვითარების წინაპირობა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს- ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და გამოწვევებზე. აღინიშნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული რეფორმები, ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკა, განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. ირმა გაბინაშვილმა მიმოიხილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა და სიკეთეები, აგრეთვე, ამ პროცესში გამოვლენილი უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების სტატისტიკა, ფაქტები და მათი პრევენციის გზები. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას საინფორმაციო-ბეჭდური მასალები გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.


შეხვედრაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე მონაწილეობდა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების სწორ ინფორმირებაზე და სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრას, აგრეთვე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის # 1 საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ კარანაძე და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

03-07-2019