საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელ მუხურაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

18 ივლისს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თემის რწმუნებული ესწრებოდა, რომელიც ჩართული იყო შეხვედრის ორგანიზებაში. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ნატოსთან დაახლოების საკითხიც განიხილეს, მოსახლეობა ნატოში გაწევრიანების საკითხებით დაინტერესდა.

 

შეხვედრის მონაწილეებს თემატური მასალები გადეცათ. მათთვის საინტერესო იყო უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულად დოკუმენტაციის საკითხს ეხებოდა. ასევე, მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა მსგავსი შეხვედრის ჩატარების სკოლაში. აღნიშნულ სოფელში სამი სკოლა ფუნქციონირებს.
შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

18-07-2019