საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთის მოსახლეობასთან

9 ივლისს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, ანა ცანავამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ნატოსა და ევროკავშირთან, არსებულ მიღწევებს, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები, ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებული მითები, ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA შესაძლებლობები, ასევე, წარმოადგენდა დისკუსიის თემას.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ მუშაობს თუ არა საქართელოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობების მიმართულებით.

შეხვედრის დამსწრეთა კითხვები შეეხო ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხსაც, კერძოდ, რამდენად შესაძლებელია, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებით ნატოში ინტეგრაცია, ასევე, რუსეთის ფაქტორის გამო, რამდენად რეალურია, საქართველოს ნატოში გაწევრების შანსები.

შეხვედრის მონაწილეები, ასევე დაინტერესდნენ, თუ რა პროგრამებს ახორციელებს ევროკავშირი საქართველოში და რამდენად ხელმისაწვდომია ისინი მოსახლეობისთვის.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" პროექტის ფარგლებში გაიმართა.

09-07-2019