საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში

25 ივლისს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, ასევე, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.


შეხვედრას უძღვებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელი თამარ გოგოლაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს ისტორიას, ალიანსის როლს დასავლური სამყაროსთვის, ასევე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ქვეყნის ნატოში გაწევრების გზაზე მიღწეულ შედეგებსა და პერსპექტივებს.

 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და დავით ნარდაიამ მონაწილეების კითხვებს უპასუხა. მონაწილეები დაინტერესდნენ ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებით ნატოში გაწევრების პროცესთან დაკავშირებით, ასევე, რა როლს ასრულებს ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ დეზინფორმაციასა და საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზეც, რომელიც არსებობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალა.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

25-07-2019