საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში

საქართველოს მიერ განვლილი გზა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი, ნატოს მნიშვნელოვანი სამიტები და მიღებული გადაწყვეტილებები, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და არსებული გამოწვევები, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სექტორალური განვითარების მიმართულებით არსებული ევროკავშირის პროგრამები და შესაძლებლობები- ამ საკითხებზე ისაუბრა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან 31 ივლისს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ.

 

„აუცილებელია მოსახლეობისა და საჯარო მოხელეების მსგავსი შეხვედრებით ფართოდ ინფორმირება ევროკავშირის პროგრამების თაობაზე. წალკის მუნიციპალიტეტს გააჩნია უდიდესი რესურსი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვვითარების მიმართულებით. ამ კუთხით მუშაობა უნდა გააქტიურდეს. სხვადასხვა უწყებებმა ჩაატარონ ტრენინგ-სემინარები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ინფორმაციული ვაკუუმი.“ - განაცხადეს მსმენელებმა შეხვედრის დასასრულს.

 

სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტი „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ და მის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებები.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

31-07-2019