საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში

„ბალტიისპირეთის ქვეყნებს თავის დროზე არ ჰყავდათ იმდენი მეგობარი და მხარდამჭერი, რამდენიც დღეს ჰყავს საქართველოს. მათ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ყველა სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა მათ ერთიანობითა და ერთად დგომით დაამტკიცეს, რომ იმსახურებდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრობას.“ - განაცხადა მოწვეულმა ექსპერტმა, თენგიზ ფხალაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებთან, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

31 ივლისს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტი „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.

მოწვეულმა ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ, ამომწურავად ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია იმ შესაძლებლობებზე და პროგრამებზე, რომლებსაც გვთავაზობს ნატო და ევროკავშირი.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

31-07-2019