საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 

9 სექტემბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საინფორმაციო ცენტრის ახალმა დირექტორმა თამარა წულეისკირმა თანამშრომლებთან გაცნობითი  შეხვედრა გამართა. ახალი დირექტორი თანამშრომლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ წარუდგინა.
მიხეილ ნინუამ, ცენტრის ყოფილ დირექტორს ნინო ბოლქვაძეს   და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ დირექტორს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ქალბატონ თამარს მოყვება ამ საქმეში, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი, ნაყოფიერი პერიოდი იწყება ცენტრის საქმიანობაში.“-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
თავის მხრივ, თამარა წულეისკირმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს ხელმძღვანელობას გამოხატული ნდობისთვის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა: „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი წლებია წარმატებით ეწევა უმნიშვნელოვანეს საქმიანობას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ნატოსა და ევროკავშირის, ევროინტეგრაციის კუთხით მუღწეული შედეგების და ახალი შესაძლებლობების შესახებ, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს და თითოეულ თქვენგანს.  ეს ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვავითაროთ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ.“-განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა.
თამარა წულეისკირი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

09-09-2019