საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აჭარის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა.

16 სექტემბერს, ქ. ბათუმში, “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პროექტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“და „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის EECMD ბათუმის ოფისთან თანამშრომლობით აჭარის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა.

 

დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი, მოწვეული ექსპერტი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორიგიორგი მუჩაიძე და EECMD ბათუმის ოფისის კოორდინატორი თამარ მამეიშვილი წაუძღვნენ. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე მოქალაქეების ინფორმირება, აგრეთვე, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, პროგრამებისა და შესაძლებლობების მიმოხილვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს და ნატოში გაწევრების პერსპექტივებს. გაიმართა დისკუსია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მიერ, საქართველოს ყველა რეგიონში დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. შეხვედრები მიზნად ისახავს დასავლური ინტეგრაცის პროცესის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და მოქალაქეების მეტ ჩართულობას ევროინტეგრაციის პროცესებში.ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით ახორციელებს.

16-09-2019