საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

19 სექტემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ და მოწვეულმა ექსპერტმა, ასოციაციის ,,ევროპის დროით“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ  შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის ისტორიის, ევროპული ღირებულებების, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი ასპექტების, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებაზე,  სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით შეიძლება მიიღოს.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, საკრებულოს დეპუტატები და საჯარო მოხელეები.

19-09-2019