საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2001 წლის 9/11 ტრაგედიასთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და  ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ჩაერთო 11 სექტემბერს, ბათუმის  საჯარო ბიბლიოთეკის "ამერიკულ კუთხეში",  2001 წლის 9/11 ტრაგედიასთან  და ამ უპრეცენდენტო  მასშტაბის ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით  მოწყობილ ღონისძიებაში. 

 

ღონისძიებაში ასევე,  მონაწილეობდნენ ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც  11 სექტემბრის ტერორისტულ აქტზე  და მის სავალალო შედეგებზე ისაუბრეს.  

 

 საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში, ირმა გაბინაშვილმა  2001 წლის 12 სექტემბერს  ნატო-ს მიერ განხორციელებულ  სწრაფი რეაგირების მასშტაბებსა და  ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის ამოქმედების უპრეცენდენტო ფაქტზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ 18  წლის წინ, სწორედ ამ დღეს, ნატომ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა აშშს  ტერორიზმის შეკავებისა და შეჩერების პროცესში და მეხუთე მუხლის საფუძველზე ინიცირება გაუწია ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას ე.წ. „ აქტიურ ძალისხმევას“. 2003 წლის აგვისტოსთვის კი ავღანეთში დაიწყო ISAF-ის საერთაშორისო სამშვიდობო მისია, რომელიც ავღანეთის საერთაშორისო ტერორიზმის სავანედ ჩამოყალიბებას შეუშლიდა ხელს.   აღინიშნა, რომ    ტრაგედიიდან 18  წლის შემდეგ და დაარსებიდან დღემდე,  ნატო აქტიურად განაგრძობს მისი წევრი სახელმწიფოებისა და იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, როგორიცაა თავისუფლება, მშვიდობა, უსაფრთხოება, ადამიანის  უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

 

ბათუმის  საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე   შეკრებილ  აუდიტორიას  11 სექტემბრის  უდიდესი ტრაგედიის  შედეგებზე,  ტერორიზმის გლობალურ საფრთხეებზე ესაუბრა  და   აღნიშნა, რომ ამ დღეს,  საჯარო ბიბლითეკის „ამერიკულ კუთხეში“, ტრადიციულად, პატივს მიაგებენ   11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას და სოლიდარობას უცხადებენ ტერორიზმის წინააღმდეგ  მებრძოლებს.  ბათუმის „ამერიკული კუთხის” კოორდინატორმა მამუკა საფარიძემ იმ საგანმანათლებლო პროექტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას; სხვადასხვა შეხედულებების მქონე ახალგაზრდების ინტეგრირებას საზოგადოებაში; ტოლერანტობასა და ურთიერთმიმღებლობას, რათა მსოფლიო უფრო უკეთესი და მშვიდობიანი გახდეს. 

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თეა ჭანტურიშვილმა გაიხსენა ის ტრაგიკული დღე და პირადი ემოციები, რომელიც მაშინ გაიარა მსოფლიომ და საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურებმა.

 

საღამოზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც ნათლად აჩვენებდა 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიოსათვის ტერორიზმის საფრთხეს. 

09-10-2019