საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
"ახალგაზრდა ევროპელი ელჩები"-ის პროექტის მონაწილეებისთვის მოსამზადებელი სემინარები დაიწყო

9-11 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ მესამე ნაკადისთვის მოსამზადებელი სემინარი დაიწყო.

სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ სირბილაძემ გახსნეს.

„ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიგვაჩნია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადგენენ გარდაქმნებისა და ცვლილებების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს საზოგადოებისთვის. აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობისათვის ჩვენი ცენტრი მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებსა და პროგრამებს. პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ფარგლებში უკვე გვყავს გადამზადებული 70 ახალგაზრდა, რომლებიც თავიანთ რეგიონებში გაავრცელებენ ევროპული ღირებულებების, ევროინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელის შესახებ სწორ გზავნილებს,- განაცხადა თამარა წულეისკირმა ჟურნალისტებთან.

პროექტის მესამე ნაკადში მონაწილეობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები როგორც თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან, სამცხე ჯავახეთიდან.

პროექტის პირველი კომპონენტი მოიცავს ტრენერთა სკოლას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ხვდებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს, ისმენენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპული ღირებულებების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებისა და მისწრაფებების შესახებ.

პროექტის შემდგომ ეტაპზე, ტრენინგის მონაწილეები გახდებიან თანატოლგანმანათლებელები /მულტიპლიკატორები, რომლებიც რეგიონში გაავრცელებენ ინფორმაციას და ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობისა და დასავლური ღირებულებების შესახებ ორ სამიზნე ჯგუფთან: მშობლებსა და პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან.

პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PIთA] ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დაფინანსებით ხორციელდება.

 

09-10-2019