საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
“ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019"-ის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფესტივალი გაიმართა

08.10.29 - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის ბიურო 8 ოქტომბერს "ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019" -ის ფარგლებში   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართულ ფესტივალს შეუერთდა.

 

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და  საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა, რომლებმაც ერთიანი ევროპული სივრცისა  და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  მნიშვნელობაზე ისაუბრეს  და ახალგაზრდებს მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩართულობისაკენ მოუწოდეს.

 

გამოფენაზე,   სადაც ღონისძიებაში მონაწილე  12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტენდებთან თავიანთი  აქტივობებით 12 სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები განასახიერეს,   თითოეულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა  ინფორმაციას  ევროპული ქვეყნების ისტორიის, განვითარების და კულტურის შესახებ.   

დღის მანძილზე  სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მოეწყო, მათ შორის   ევროპული კულტურის  ანიმაციები , კოსტიუმირებული შოუ და  კონცერტი. 

 

საინფორმაციო  ცენტრის მიერ წარდგენილ სპეციალურ სტენდთან, ვიზიტორებს და ადგილობრივ მოსახლეობას,  საშუალება ჰქონდათ  გაცნობოდნენ  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თემატურ  მასალებს,   „ნატოს დღეები 2019 „-ის ფარგლებში  ცენტრის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს, მონაწილეობა მიეღოთ ქვიზ-შოუში, ეპასუხათ ევროკავშირის და ნატოს შესახებ შეკითხვებზე, მიეღოთ სიმბოლური პრიზები და საჩუქრები. 

 

ღონისძიება ხელვაჩაურის  რესურს ცენტრის და კულტურის ცენტრის ორგანიზებით,   მერიის  განათლების, კულტურის  და სპორტის სამსახურის  მხარდაჭერით მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს,  ბათუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტის და აჭარის რეგიონალური ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები.

 

„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ყოველი წლის შემოდგომაზე, აღინიშნება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული აქტივობები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეულ სხვადასხვა თემას ეძღვნება. წლევანდელი ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემაა: „ხელოვნება და სანახაობა“.

08-10-2019