საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინა

08.10.19- თბილისი

8 ოქტომბერს,  თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ცენტრის საქმიანობაზე, ძირითად მიმართულებასა და მიმდინარე პროექტებზე პრეზენტაცია წარადგინა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა  იმ ღონისძიებებსა და ძალისხმევაზე, რომლითაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და გამოწვევების შესახებ.

პრეზენტაცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა დეტალურად მოისმინეს საინფორმაციო ცენტრის სამიზნე აუდიტორიის, განხორციელებული პროექტებისა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ საინფორმაციო ცენტრის გამოცდილების შესახებ.

ორი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნკაციების სფეროს წარმომადგენლები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა საქართველოს სამშვიდობო მისიებში ჩართულობა, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციები, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა (EEAS) სამსახურის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანაორგანიზებით გამართა.

08-10-2019