საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

10.10.19 - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

 

10 ოქტომბერს, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში, ირმა გაბინაშვილი, მოწვეული ექსპერტი,  „სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის“  ხელმძღვანელი,  გიორგი ცხვიტავა  და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ ვარდანიძე, ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტში, ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მთავარ თემებს წარმოადგენდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა, მიღწევები და გამოწვევები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და ქვეყნის როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში;  საუბარი შეეხო საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და მის როლს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებზე და საჯარო სექტორის წარმომადგენლების როლის მნიშვნელობაზე დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.    წლევანდელი ნატოს დღეები აჭარაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და  30-31 ოქტომბერს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.   

 

10-10-2019